პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო.
კანონპროექტით, მუნიციპალიტეტებს სივრცის დაგეგმარების გეგმებთან მიმართებით კოდექსის დავალების შესრულებისთვის განესაზღვრებათ გონივრული ვადა – 2035 წლის 31 დეკემბერი, ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა. ამავე ვადამდე (2035 წლის 31 დეკემბერი) გაგრძელდება მათთვის კოდექსში მოცემული მხარდაჭერის მექანიზმი.
კანონპროექტით წესრიგდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ან/და მასში ცვლილების თაობაზე განცხადების წარდგენის წესთან დაკავშირებული საკითხები.
გარდა ამისა, კანონპროექტით დგინდება მშენებლობის ნებართვის/შეტყობინების თაობაზე განცხადებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების დროებითი წესი.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით მოხდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოების ნათლად განსაზღვრა. კერძოდ, აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ- სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
როგორც ნინო ენუქიძემ აღნიშნა, შემოღებული იქნება საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების პრაქტიკა.
მისივე თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებულია მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მუნიციპალიტეტების სივრცითი განვითარების პროცესში ესთეტიკური პარამეტრების დადგენას ეხება.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 87-მა პარლამენტის წევრმა გაიარა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მუშაობის განრიგი გააცნო.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როდესაც საარჩევნო წელია არჩევამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამიტომ, ამ ტრადიციას მივუყვებით, თუკი რაიმე საკითხი არ იქნება, რაც მოითხოვს ჩვენს შეკრებას. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე კვირას გაიმართება პლენარული სხდომები და შემდეგ უკვე 15 ოქტომბრიდან განახლდება პლენარული სხდომები.
რაც შეეხება მიმდინარე კვირას, პლენარული სხდომებისთვის ჩვენ ორი დღე დაგვჭირდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…